კლასის მართვისა და კონფლიქტების მოგვარების ეფექტური სტრატეგიები

კლასის მართვა
შესავალი

რას გულისხმობს კლასის მართვა და რატომ არის იგი მნიშვნელოვანი?
იმ პედაგოგიურ უნარებს შორის, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ საგნის კარგი სპეციალისტი წარმატებული მასწავლებელი იყოს, კლასის მართვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.
მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას, დისციპლინური დარღვევების რაოდენობას და ზოგადად, მასწავლებლის ეფექტურობის განმსაზღვრელ მთავარ ფაქტორსაც, სწორედ კლასის მართვა წარმოადგენს. ამას ყველა კვლევა ადასტურებს, რომელიც მასწავლებლის ეფექტურობაზე ჩატარებულა (მარზანო და სხვები, 2003).
თუ მასწავლებელი არ არის სათანადოდ მომზადებული და არ შეუძლია კლასის ეფექტური მართვა, ამან შესაძლოა განაპირობოს მოსწავლეთა დაბალი მოსწრება, და რთულად სამართავი ქცევის გაძლიერება. განსაკუთრებით ეს ეხება სარისკო ქცევის მოსწავლეებს.
ამიტომ, მნიშვნელოვანია მასწავლებლებმა დამხმარე ლიტერატურისა და პროფესიული განვითარების ტრენინგების საფუძველზე შეიმუშაონ კლასის მართვის სტრატეგიები, პრაქტიკის შედეგად დახვეწონ იგი და გამოცდილება გაუზიარონ სხვა მასწავლებლებს.
მაინც რას გულისხმობს კლასის მართვა?
კლასის მართვა გაკვეთილზე მოსწავლეთა ქცევის მართვას მოიცავს, რაც ეფექტური და უსაფრთხოსასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფადაა საჭირო. იგი გულისხმობს კლასში ისეთი ატმოსფეროსშექმნას, სადაც მოსწავლეები მოტივირებული იქნებიან ისწავლონ, განსხვავებული შესაძლებლობისმიუხედავად სიამოვნებით ითანამშრომლონ , შეძლონ კონფლიქტის თავიდან არიდება, მისიმოგვარება საკლასო ოთახში თუ მის გარეთ და უსაფრთხოდ იგრძნონ თავი.
კლასში მასწავლებლები ძირითადად ორი მიმართულებით მუშა ობენ: პირველი თუ რა უნდა ასწავლონ და მეორე როგორ უნდა მართონ სასწავლო პროცესი. ადრე პედაგოგიკაში სწავლება და სასწავლო პროცესის მართვა ერთმანეთისაგან ცალ-ცალკე განიხილებოდა. მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვა კლასის მართვის ერთერთი მთავარი ნაწილი იყო. მასწავლებელი გაკვეთილს იწყებდა მოსწავლეთა აღრიცხვით და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებოდა სწავლება. თუმცა, ბოლო წლებში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ სწავლებას ვერ განვიხილავთ კლასის მართვისაგან დამოუკიდებლად. კლასის მართვა სწავლებასთანაა კავშირში. იგი მოიცავს ყველაფერს რაც უკავშირდება საკლასო ოთახში სასწავლო პროცესის ეფექტურობას, სწავლებისათვის ხელისშემყობი, უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნას (ევერტსონი, 2011). მაგალითად, მოსწავლეების მიერ კითხვების დასმა, ქცევის წესების ჩამოყალიბება, ოთახის დეკორაცია და ასე შემდეგ.
კლასის მართვის მნიშვნელოვანი ნაწილია საგაკვეთილო დროის მართვა. თუ მასწავლებელი დროს ეფექტურად ვერ ანაწილებს, მოსწავლეთა ქცევის მართვა და სასწავლო მიზნების მიღწევა რთულდება. (დაწვრილებით ამ საკითხის შესახებ იხილეთ სტატიაგაკვეთილის დროის მართვამასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ 2008 წელს გამოცემული დამხმარე სახელმძღვანელოს მესამე ნაწილში - სასწავლო და პროფესიული გარემო).
კლასის მართვა არ გულისხმობს მოსწავლეების გაკონტროლებას და მათ იძულებას გაკვეთილზე წყნარად იყვნენ. კლასის მართვა და დისციპლინა ხშირად სინონიმებად იხმარება, თუმცაღა დისციპლინას ხშირად უარყოფითი კონოტაცია აქვს და მასწავლებლის მიერ მოსწავლის არასასურველი ქცევის პრევენცია/აღკვეთაზეა მიმართული. კლასის მართვა კი იმ სტრატეგიების ერთობლიობაა, რასაც მასწავლებელი იყენებს უსაფრთხო და პროდუქტიული სასწავლო პროცესის ორგანიზებისათვის.
შესაძლებელია კლასში ისეთი გარემო გვქონდეს, სადაც მოქმედებს წესები და პროცედურები, კარგადაა მოწყობილი ფიზიკური სივრცე (ფიზიკური სივრცის მოწყობის შესახებ იხილეთ სიმონ ჯანაშიას სტატიასკოლის გარემოს მართვაამავე სახელმძღვანელოში), თუმცა ასეთ კლასში მოსწავლეები შესაძლებელია ვერ სწავლობდნენ. ასეთ შემთხვევაში ამ კლასს კარგად მართულს ვერ დავარქმევთ. კლასის ეფექტური მართვა მოიცავს ისეთ გარემოს, სადაც მოსწავლეები მოტივირებული არიან ისწავლონ და მიაღწიონ წარმატებას. კლასის მართვა საკმაოდ რთული ხელოვნებაა, მასწავ ლებლისგან ერთდროულად ოც-ოცდაათ მოსწავლესთან მუშობას და უამრავი ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს, როგორიცაა მოსწავლის განვითარების დონე, სასწავლო და ფიზიკური გარემო, წესები და პროცედურები, საკლასო აქტივობები, მოსწავლეთა თანამშრომლობა, კლასის მართვის სტილი (კლასის მართვის სტილის შესახებ იხილეთ მასწავლებლის დამხმარე სახელმძღვანელო- სასწავლო და პროფესიული გარემო, თბილისი, 2008).
არსებობს რამდენიმე თეორია, რომლებსაც ხშირად განიხილავენ კლასის მართვის კონტექსტში, მათ შორისაა: 1. უილიამ გლასერის არჩევანის თეორია, რომლის მიხედვითაც ჩვენი ქცევა ჩვენი არჩევანია და მასწავლებელს არ შეუძლია მოსწავლის ქცევა შეცვალოს, უბრალოდ შეუძლია მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდოს და დაეხმაროს მოსწავლეებს გააზრებული არჩევანის გაკეთებაში, რომლის საფუძველზე მოსწავლეები თავად გააკეთებენ არჩევანს შეცვალონ თუ არა ქცევა. 2. . სკინერის ქცევის მართვის თეორია (ბიჰევიორიზმი) რომლის მიხედვით მოსწავლის ქცევის მოდიფიკაცია შესაძლებელია მიზანმიმართული წვრთნით, თუკი ადეკვატური სტიმულების (წახალისების/ დასჯის) სისტემას გამოვიყენებთ. 3. ალფრედ ადლერის და რუდოლფ დრეიკურსის თეორია, რომლის მიხედვითაც ყველა ცუდ ქცევას საფუძვლად უდევს ბავშვის არასწორი ხედვა იმასთან დაკავშირებით, როგორ მოიპოვოს სტატუსი და გავლენა. მოსწავლის ცუდ ქცევას იწვევს ყურადღების მიქცევის, ძალაუფლების შეგრძნების, შურისძიების სურვილი და უმწეობის განცდა. გამხნევება და არა ჯილდო, ლოგიკური შედეგი და არა დასჯა არის ამ თეორიის მთავარი სტრატეგიები.
კლასის მართვის კომპონენტები
ფროიენისა და ივერსონის( 1999) მიხედვით კლასის მართვა სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს: შინაარსის მართვა, ქცევის მართვა და ურთიერთობების მართვა.
0x01 graphic
შინაარსის მართვა გულისხმობს სასწავლო გეგმით შესასწავლი მასალის, სივრცის, აღჭურვილობისდა გაკვეთილის მიმდინარეობის მართვას. მასწავლებელს ამისათვის სჭირდება:
·         სწავლების მართვის უნარი;
·         ჯგუფის მართვის უნარები (ყურადღების მიპყრობა, პასუხისმგებლობის გაღვივება, მოტივაციის გაღვივება/შენარჩუნება);
·         სწავლებასთან დაკავშირებული დისციპლინის პრობლემების გადაჭრის უნარი (პროექტების გვიან ჩაბარება, გამოცდის შიში, საუბარი ნებართვის გარეშე, პლაგიარიზმი, დაგვიანება/გაცდენები, სიტყვიერი მითითებების არშესრულება, დაგვიანებული ან არასრული დავალებები. ..)
ქცევის მართვა გულისხმობს მასწავლებლის უნარებს მოაგვაროს კლასში დისციპლინის პრობლემები. ამისათვის მასწავლებელი აღნიშნავს მოსწავლის მიერ გამოვლენილ პასუხისმგებლობას, შენიშვნას იძლევა უპასუხისმგებლო საქციელისათვის, იყენებს დადებით და უარყოფით განმტკიცებას ...
ურთიერთობების მართვა გულისხმობს კლასში სოციალური სისტემის მართვას. ყველა სკოლის კულტურა უნიკალურია და მასზე გავლენას ახდენს თემის კულტურა. მასწავლებელმა უნდა იცოდეს კლასის, როგორც სოციალური სისტემის სპეციფიკა და ინტერპერსონალური ურთიერთობების მართვა სკოლის კულტურის გათვალისწინებით;
იმისათვის, რომ მასწავლებლებმა ეფექტურად შეძლონ სამივე კომპონენტის ეფექტური მართვა, მნიშვნელოვანია:
·         დაამკვიდრონ სასკოლო თუ საკლასო წესები და პროცედურები;
·         იმუშაონ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე;
·         შეიმუშაონ დისციპლინის დარღვევის პრევენციული/აღმკვეთი სტრატეგიები;
·         დაამყარონ პოზიტიური ურთიერთობები მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან.
ქვემოთ თითოეულ პუნქტს განვიხილავთ დეტალურად.
1. წესები და პროცედურები
სასკოლო და საკლასო წესებისა და პროცედურების არსებობა სასწავლო პროცესის მოწესრიგებასა და მოსწავლეთა ქცევითი პრობლემების მინიმუმამდე დაყვანას უწყობს ხელს.
წესები და პროცედურები მაშინაა ეფექტური, როცა მოსწავლეები გაიაზრებენ და დაეთანხმებიან მის მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში, იზრდება მოსწავლეების პასუხისმგებლობა, მათ უჩნდებათ სურვილი არა მხოლოდ თავად დაიცვან წესები, არამედ თანატოლებსაც სთხოვენ მათ დაცვას.
მასწავლებლებმა თავს არ უნდა მოახვიონ მოსწავლეებს მათ მიერ შემუშავებული წესები და პროცედურები. ისინი უნდა შემუშავდეს მათთან ერთად ან შესაძლებელია განიხილონ უკვე შემუშავებული წესები, გაითვალისწინონ მოსწავლეთა შეხედულებები და მათთან ერთად ჩამოაყალიბონ საბოლოო ვერსია. ასეთი მიდგომა ხაზს უსვამს იმასაც, რომ მასწავლებელს კლასის მართვის დემოკრატიული სტილი აქვს არჩეული, რაც დადებითად მოქმედებს პოზიტიური საკლასო გარემოს ჩამოყალიბებაზე.
წესები და პროცედურები შეიძლება ეხებოდეს მოსწავლეთა ქცევას, გაკვეთილის მსვლელობას, კითხვა- პასუხის ორგანიზებას ...
გთავაზობთ იმ საკითხების ჩამონათვალს, რომელთა შესახებაც, მასწავლებლები და მოსწავლეები ყველაზე ხშირად ადგენენ წესებსადა პროცედურებს:
·         კლასში შესვლა;
·         გაკვეთლზე ყოველდღე მოსატანი ნივთები;
·         დაგვიანება;
·         გაკვეთილის გაცდენა და გაცდენილის ანაზღაურება/დავალების შესრულება;
·         დამოუკიდებელი მუშაობა;
·         ჯგუფში მუშაობა;
·         კითხვის დასმა/დახმარების თხოვნა;
·         მოულოდნელი ავადმყოფობა;
·         დავალების ჩანიშვნა/ჩაბარება;
·         გაკვეთილიდან გათავისუფლება;
·         ტელეფონის გამოყენება;
·         საპირფარეშოში გასვლა;
·         საკლასო ოთახის მოწესრიგება გაკვეთილის შემდეგ;
·         მასწავლებლის საუბრის დროს წყნარად მოსმენა;
·         თანატოლების და მასწავლებლის პატივისცემა.
წესებისა და პროცედურების ჩამოყალიბებისას სასურველია მოსწავლეებთან ერთად ზუსტად ახსნათ თუ რას გულისხმობს თითოეული მათგანი. მაგალითად, რას გულისხმობს პატივი ვცეთ ერთმანეთს? თუპატივი ვცეთ ერთმანეთსგულისხმობს, ერთმანეთის მოსმენას შეგიძლიათ ასევე დაწეროთ; რას ნიშნავს გაკვეთილზე წყნარად ყოფნა (შეიძლება თუ არა წყნარად საუბარი გაკვეთილთან დაკავშირებულ საკითხზე?). თუიყავი პასუხისმგებლიანიგულისხმობს, რომ მოსწავლემ ყველა ნივთი თან უნდა იქონიოს და დავალება ყოველთვის შესრულებული ჰქონდეს, სჯობს ესეც დავაკონკრეტოთ.
მაგალითისთვის განვიხილოთ რამდენიმე წესი გოგა მასწავლებლის პრაქტიკიდან:
საშინაო დავალების ჩაბარება: საშინაო დავალებას მაბარებთ გაკვეთილის დასაწყისში, დადეთ დავალება თქვენს მერხზე, რათა ჩამოვიარო და ავკრიფო საკლასო მუშაობის დროს. დაგვიანებული დავალებები არ მიიღება.
საკლასო ოთახის დატოვება: საკლასო ოთახს მოსწავლეები არ ტოვებენ მიუხედავად ზარის დარეკვისა, თუ ყველას არ აქვს დავალება ჩანიშნული. როცა ყველა მოსწავლე დავალებას ჩაინიშნავს და მასწავლებელი ნიშანს მისცემს მოსწავლეებს, მათ შეუძლიათ დატოვონ ოთახი.
დაგვიანება: ზარის დარეკვიდან ერთი წუთის განმავლობაში მერხებთან უნდა ისხდეთ თუკი დაგვიანებით შემოხვალთ წყნარად დასხედით, მე ჩავინიშნავ დაგვიანებას. ერთი სემესტრის განმავლობაში გეპატიებათ ორჯერ დაგვიანება, მესამეჯერ დაგვიანების შემთხვევაში შევატყობინებ მშობელს. განმეორების შემთხვევაში დარჩებით სკოლის ბიბლიოთეკაში სამუშაოდ ნახევარი დღით.
გაცდენილი გაკვეთილის დავალებების ჩაბარება: თუკი გაკვეთილს გააცდენთ, შემდეგ გაკვეთილზე წინა დავალებებს ათავსებთ ყუთში, რომელსაც აწერიაგაცდენილი დღის დავალებები“, ხოლო მეორე ყუთიდან, რომელსაც აწერიაგაცდენილ დღეს მიცემული დავალებებიიღებთ იმ დღეს მიცემული დავალებების ინსტრუქციებს, რომელსაც შეასრულებთ და მეორე დღეს დებთ მერხზე ახალ დავალებასთან ერთად რომ მასწავლებელმა ის აკრიფოს.
თანატოლების და მასწავლებლის პატივისცემა: პატივი ეცით ერთმანეთს, უსმინეთ მასწავლებელის და თქვენი თანატოლის საუბარს. თუკი გამოთქმულ მოსაზრებებს არ ეთანხმებით, ეცადეთ თქვენი აზრი ყოველგვარი აგრესიის გარეშე დააფიქსიროთ.
საჭირო ნივთების სკოლაში მოტანა: კლასში ყოველთვის უნდა გქონდეთ რვეული, საწერკალამი, ფანქარი და საშლელი. თავად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ სახელმძღვანელოს მოიტანთ თუ არა, კლასში სახელმძღვანელოს მოტანა არ არის აუცილებელი.
ეცადეთ პროცედურები და წესები პოზიტიურად გაწეროთ. მაგალითად: ნაცვლად იმისა რომ დაწეროთმოსწავლეები მერხებთან უნდა ისხდნენ როცა მასწავლებელი კარებს დაკეტავს“, დაწერეთიმ დროისთვის როცა მასწავლებელი კარს დაკეტავს, მოსწავლეები არ უნდა დადიოდნენ კლასში და იყვნენ მომზადებულები გაკვეთილისთვის“.
ასევე, თუ შესაძლებელია დაწერეთ რა შედეგი მოყვება ამა თუ იმ წესის დარღვევას. მაგალითად, თუ მოსწავლე არ მოამზადებს დავალებას და არ დადებს მერხზე როგორ რეაგირებს მასწავლებელი. თუკი დაგვიანებით მოვა მოსწავლე რა ხდება ამ შემთხვევაში, ისევე როგორც ზემოთ მოცემულ მაგალითშია დაკონკრეტებული.
ბავშვებს დაურიგეთ წესებისა და პროცედურების ქსეროასლი, ან გააკარით ოთახში. წესებისა და პროცედურების გრძელი ჩამონათვალი შესაძლებელია არაეფექტური იყოს. მოსწავლეებთან ერთად გამოყავით რა არის გაკვეთილის ნორმალურად წარმართვისათვის ყველაზე პრიორიტეტული.
დაწყებით და მაღალ კლასებში შემუშავებული წესები და პროცედურები ერთმანეთისგან განსხვავდება სწავლების დაწყებით საფეხურზე წესები და პროცედურები მაღალ კლასებთან შედარებით ნაკლები უნდა იყოს.
წესები და პროცედურები მშობლებისათვისაც საინტერესოა( მაგ. დაგვიანების, გაცდენის შესახებ) გაუგზავნეთ ჩამონათვალი მოსწავლეთა მშობლებს ან გააცანით ისინი მშობელთა კრებაზე.
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ყველა მოსწავლე ყველაფერს მაშინვე ვერ დაიმახსოვრებს და წესებს ზედმიწევნით ვერ დაიცავს. შესაძლოა მათ თავიდან ხშირად დასჭირდეთ შეხსენება. ზოგიერთი წესი თავად შეახსენეთ ზეპირად (მაგ. ნივთების მოტანასთან დაკავშირებით), ან სხვა მოსწავლეს სთხოვეთ შეახსენოს წესების დამრღვევ მოსწავლეს თუ რაშია პრობლემა და რა წესს არღვევს ის.
გარდა ამისა, ეფექტურია წესებთან დაკავშირებით მოსწავლეებს მისცეთ საშინაო დავალება, მაგალითად სთხოვეთ დაწერონ თავიანთი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ერთი მოსწავლე პატივს სცემს სხვა მოსწავლეს.
2. მოტივაციის ამაღლება
მოტივაციაზე საუბრისას, როგორც წესი, რაღაცის კეთების სურვილს ვგულისხმობთ. მოსწავლეებთან მიმართებაში კი, ძირითადად სწავლის სურვილზეა საუბარი. უკვე 60 წელზე მეტია ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ არსებობს ორი ტიპის მოტივაცია, შინაგანი და გარეგანი (კოვინგტონი, 2000). თუ მოსწავლეს დაავალეს შექსპირის ერთი ტრაგედიის წაკითხვა, მაგრამ მას შემდეგ რაც ეს ტრაგედია წაიკითხა დაინტერესდა და მისი პიესების უმეტესობა წაიკითხა, იგი შინაგანადაა მოტივირებული. მას თავად სურს ეს გააკეთოს, სიამოვნებას ანიჭებს შექსპირის კითხვა.
თუმცა, მოსწავლე, რომელიც ისტორიის გაკვეთილის სწავლისას იყენებს არა მხოლოდ მისი კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს არამედ სხვა დამხმარე სახელმძღვანელოებს, შესაძლოა გარეგანი მოტივაცია ქონდეს და ჯილდოს გამო აკეთებდეს ამას, თუ მან იცის, რომ მასწავლებელი მას განსაკუთრებით შეაქებს მშობელთა კრებაზე, მშობლები კი, ამის გამო აუცილებლად დაასაჩუქრებენ.
რანდალ სპრიკი( 2006), რომელიც საბაზო კლასებში დისციპლინის საკითხებზე წერს, შინაგანი და გარეგანი მოტივაციის მკაფიოდ გამიჯვნის წინააღმდეგია და ამბობს, რომ ქცევების უმრავლესობას განაპირობებს ორივე ტიპის მოტივაცია: შინაგანი და გარეგანი. მაგალითად, თუკი მოსწავლე ბევრს კითხულობს ამას შეიძლება სიამოვნებისთვის აკეთებდეს, მაგრამ გარდა ამისა იგი ისიამოვნებს იმ კომპლიმენტებითაც, რომელთაც ასეთინაკითხობისგამო მიიღებს. ანუ, თუკი შექსპირის კითხვის მაგალითს დავუბრუნდებით, შესაძლებელია მოსწავლეს სიამოვნებს შექსპირის კითხვა, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ მშობლებისაგან შექებას და მასწავლებლისგან მისი ნაკითხობის აღნიშვნას ელის. მეორე მხრივ, ისტორიის სახელმძღვანელოების მაგალითიც, იგივენაირად შეიძლება გავიგოთ. შესაძლებელია მოსწავლეს შინაგანად მოსწონს და სიამოვნებს ისტორიის მრავალი წყაროდან შესწავლა.
შესაბამისად, მასწავლებლები უნდა ეცადონ მოსწავლეებში გააღვიძონ, როგორც შინაგანი (მაგალითად, საინტერესოდ ჩატარებული გაკვეთილით აღუძრან სწავლის სურვილი) ასევე, გარეგანი (მაგალითად შექება, რაიმე ჯილდოს დაწესება) მოტივაცია.
თუმცა მასწავლებელმა ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ თუკი მოსწავლის მოტივაციის აღძვრისას, მოსწავლეს არ აქვს მოლოდინი რომ იგი წარმატებული იქნება ან მას არაფრად უღირს ის რაც წარმატების შემთხვევაში ხვდება წილად, მაშინ მისი მოტივაციის გასაზრდელად გამოყენებული ტექნიკა არ იმუშავებს.
წარმოვიდგინოთ, რომ დათო ანი მასწავლებლის მოსწავლეა. დათოს აკადემიური მოსწრება სულ უფრო უარესდება. ანი მასწავლებელმა იცის, რომ ტარდება ფეხბურთში შეჯიბრი სკოლებს შორის და დათოს ძალიან უნდა შეჯიბრში მონაწილეობის მიღება. მასწავლებელი დათოს დაპირდა, რომ თუ კარგად ისწავლის, მას შეჯიბრში მონაწილეობის საშუალება ექნება. დათო ამ შანსს კარგი სწავლის სანაცვლოდ მიიღებს. თუმცა, თუკი დათოს არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მონდომების შემთხვევაში დაძლევს შესასწავლ მასალას, მიუხედავად იმისა, რომ მისაღები ჯილდო - შეჯიბრში ჩართვა (გარეგანი მოტივატორი) ძალიან უნდა, მას არ ექნება კარგად სწავლის მოტივაცია.
მეორეს მხრივ, ანი მასწავლებლის სხვა მოსწავლეს - გიორგის სჯერა, რომ მონდომების შემთხვევაში შეძლებს კარგად სწავლას, მაგრამ ფეხბურთის შეჯიბრებაში ჩართვა, ან თუნდაც მასწავლებლის ან მშობლების შექება ამად არ უღირს.ამ შემთხვევაში მისი მოტივაცია ისწავლოს არ ამაღლდება.
შესაბამისად, მასწავლებელმა ეს ორი ფაქტორიც უნდა გაითვალისწინოს. მან უნდა გაიაზროს რამდენად უღირს მოსწავლეს ძალისხმევის გაღება იმისათვის, რომ მიაღწიოს შედეგს და რამდენად აქვს მოლოდინი, რომ ძალისხმევა წარმატებას მოუტანს( სპრიკი, 2006
გასათვალისწინებელია ისიც, რომ თითოეული მოსწავლე განსხვავებულია, ის რაც ერთ მოსწავლეს მოტივაციას აღუძრავს შესაძლოა სხვა მოსწავლეს პირიქით, მოტივაციას უხშობდეს. სწორედ ამიტომ მასწავლებელი კარგად უნდა იცნობდეს საკუთარ მოსწავლეებს, რათა სწორად შეარჩიოს სამოტივაციო სტრატეგიები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
მოსწავლეთა მოტივაციის და ჩართულობის გაზრდა მათი გამოცდილებებისა და ინტერესების შესწავლითაა შესაძლებელი. ყოველ მოსწავლეს კონკრეტული ინტერესები და გამოცდილება გააჩნია, მაგალითად ეს შეიძლება იყოს ცურვა, მოგზაურობა, ცხოველების სიყვარული, ოჯახური პრობლემები, ავადმყოფობის გადატანა, მოხალისეობა, ... მასწავლებლებს შეუძლიათ ამ გამოცდილებებთან და ინტერესებთან დააკავშირონ სასწავლო საკითხები, რაც მათ მოტივაციის გაზრდას შეუწყობს ხელს.
გაზარდეთ მოსწავლეთა მოტივაცია მათი აქტიურობის სტიმულირებით
სწავლების პროდუქტიულობა იზრდება, როდესაც მოსწავლეები თავად არიან აქტიური სასწავლო პროცესის განმავლობაში. მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებაც ხომ ამას გულისხმობს: მოსწავლე აქტიურია გაკვეთილზე, მასწავლებელი კი მხოლოდ გზის მაჩვენებელი. როდესაც მოსწავლეს გაკვეთილზე ვუქმნით პირობებს, რომ თავად იყოს სწავლების პროცესის აქტიური მონაწილე, მისი სწავლის მოტივაცია იზრდება. საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ეფექტური ჩართულობის უზრუნველსაყოფად გთავაზობთ რამდენიმე რჩევას( სპრიკი, 2006):
·         ნუ ისაუბრებთ ბევრს, შეამცირეთ სალექციო მეთოდის გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა, ნუ მისცემთ მოსწავლეებს მოდუნების საშუალებას;
·         დასვით კითხვები, მოაწყვეთ დისკუსიები და განხილვები;
·         გამოიყენეთ გონებრივი იერიში;
·         მოსწავლეები ამუშავეთ წყვილებსა და ჯგუფებში;
·         მიეცით მოსწავლეებს მცირე მოცულობის დამოუკიდებელი სამუშაო;
·         გაკვეთილებზე დანერგეთ როლური თამაშები და სიტუაციური ამოცანები;
·         გამოიყენეთ სასწავლო ვიზუალური თვალსაჩინოებები (სპრიკი, 2006).
3. დისციპლინის დარღვევის პრევენციული/აღმკვეთი სტრატეგიები
მოსწავლეთა ქცევის წარმატებულად მართვა გაცილებით მარტივია, როდესაც მასწავლებელი კარგად იცნობს ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებებს. განვითარების თეორიების შესახებ გამოცემული სახელმძღვანელოები დაეხმარება მასწავლებელს ამ კუთხით ცოდნის გამდიდრებაში. მოსწავლეთა ქცევის გამომწვევი მიზეზის ახსნა, ქცევის ხელშემწყობი ფაქტორების გამოკვლევა და იმის გარკვევა რა განამტკიცებს ან შეუშლის ხელს ამ ქცევას გეხმარებათ არასასურველი ქცევის აღკვეთასა და სასურველი ქცევის შენარჩუნებაში.
როდესაც მოსწავლე ცუდად იქცევა, მასწავლებელმა უნდა გაარკვიოს რა არის ამ ქცევის მიზეზი. ასეთი მიზეზი უამრავი შეიძლება იყოს:
- მასწავლებელმა ნათლად არ განსაზღვრა რა არის მისი მოლოდინი და რა ტიპის ქცევაა წახალისებული გაკვეთილზე, მათ არ იციან როგორ მოიქცნენ.
- მოსწავლეს ყურადღების დეფიციტი აქვს და ვერ აცნობიერებს, რომ ის კონკრეტულ მომენტში ცუდად იქცევა.
- მოსწავლეს შეიძლება სიამოვნებდეს იმ ძალაუფლების შეგრძნება, რასაც მასწავლებელთან წინააღმდეგობისას განიცდის.
- მოსწავლე ცდილობს საკლასო დავალების შესრულებას თავი აარიდოს, ან დამალოს, რომ არ იცის გაკვეთილი, ამ მიზნით ის ყურადღებას იქცევს ცუდი ქცევით.
კარგად სწავლასა და პასუხისმგებლობიან საქციელსაც აქვს თავისი მიზეზი. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი, რომელიც აღწერს დათოს ქცევას სხვადასხვა პირობებში:
1. დათო არ სწავლობს, მუდმივად ცუდად იქცევა, გაკვეთილის ჩაშლას ცდილობს და მასწავლებელი მას კლასიდან აგდებს. დათოს ქცევის მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ დათომ გაკვეთილი არ იცის, უნდა გაკვეთილიდან გააგდონ. ამით არ გამჟღავნდება, ის რომ დათო მოუმზადებელი მოვიდა სკოლაში, ამასთან ერთად ამ გზით მას სურს მეტი ყურადღების მიქცევა, რომ კლასელების თვალში უფრომაგარიგამოჩნდეს.
2. დათომ გადაწყვიტა კარგად ისწავლოს, კლასში აქტიურია და კარგ ნიშნებს იღებს. ის კლასელების, მასწავლებლებისა და მშობლების ყურადღებას იქცევს. ამ შემთხვევაში მას აქვს მიზეზი კარგი საქციელი შეინარჩუნოს, გააგრძელოს კარგად სწავლა, რომ ისევ და ისევ ყურადღების ცენტრში მოექცეს და შედეგებით ისიამოვნოს.
3. თუ დათო გადაწყვეტს კარგად ისწავლოს, ის იაქტიურებს, მაგრამ იმის გამო, რომ არ აქვს შესაბამისი აკადემიური საფუძველი, ის ისეთ შედეგებს ვერ მიაღწევს, რომ მასწავლებლების, თანაკლასელებისა და მშობლების აღფრთოვანება გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში შესაძლოა მისი ქცევა ისევ გაუარესდეს, რადგან პრობლემური ქცევის დროს გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებდა. დათოს ქცევა და მისი მცდელობაგამოსწორდესდიდი ალბათობით არ შენარჩუნდება და ისევ გააგრძელებს გაკვეთილის ჩაშლის მცდელობებს.
როდესაც მასწავლებელი გაარკვევს ბავშვის ქცევის განმაპირობებელ ფაქტორებს, ამის შემდეგ ქცევის მოდიფიცირება შესაძლებელია. მასწავლებლის რეაქციას შეუძლია მოსწავლის მოტივირება, ან პირიქით.
მასწავლებლის შესაძლო რეაქციები
თუკი ყურადღების მიქცევა სურს მოსწავლეს და ამიტომ არღვევს დისციპლინას, ნუ მიაქცევთ ყურადღებას, იგნორირება ეფექტური რეაქციაა ამ დროს, რადგან რაც მეტად მიაქცევთ ყურადღებას, მოსწავლე თავის მიზანს მიღწეულად ჩათვლის, სავარაუდოდ მისი ქცევა არ გაუმჯობესდება, პირიქით შეიძლება კიდეც გაუარესდეს. თავდაპირველად სჯობს მასწავლებელმა მოსწავლეს შენიშვნა მისცეს, იმისათვის, რომ სხვა მოსწავლეები მიხვდნენ ამ საქციელის მიუღებელობას. დისციპლინის დამრღვევი მოწავლე კი მიხვდება, რომ მის საქციელს ყურადღებას არ მიაქცევენ.
მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა ყურადღება მიაქციოს მოსწავლის კარგ საქციელს და არა ცუდს. მოსწავლემ უნდა დაინახოს, რომ ყურადღებას კარგი ქცევით დაიმსახურებს. როცა მოსწავლე იცავს წესების, სწორედ მაშინ მიაქციეთ მას ყურადღება. შეაქეთ და აღნიშნეთ მისი კარგი საქციელი, ან მიდით მასთან და ჰკითხეთ, რაიმე კითხვები ხომ არ აქვს (სპრიკი, 2006).
ზოგჯერ როცა მასწავლების მხრიდან დისციპლინის დამრღვევი იმ მოსწავლის ქცევის იგნორირება ხდება, რომელიც ამ გზით ყურადღების მიქცევას ცდილობს, ამან შეიძლება უარესი შედეგი გამოიღოს ანუ მოსწავლემ კიდევ უფრო უხეშად დაარღვიოს დისციპლინა. თუ მასწავლებელი არჩეულ სტრატეგიას მიყვება და მოსწავლეს ყურადღებას მხოლოდ მაშინ მიაქცევს, როცა კარგად იქცევა, მაშინ მისი მოთმინება შედეგს მოიტანს. იმ შემთხვევაში, როდესაც მასწავლებლის მიერ არჩეული სტრატეგია მაინც უშედეგო აღმოჩნდება, მაშინ მან უნდა გადახედოს მას, რადგან შესაძლოა მოსწავლის მიერ დისციპლინის დარღვევას სხვა მიზეზი ჰქონდეს.
შესაძლოა მოსწავლე ყურადღების მიქცევის გამო კი არ იქცევა ცუდად, არამედ, უბრალოდ ვერ აცნობიერებს საკუთარ საქციელს, ამ შემთხვევაში იგნორირება გაუმართლებელია. ასეთ შემთხვევაში მასწავლებელმა მას უნდა მიუთითოს წესებზე და დაეხმაროს იმის გაცნობიერებაში რომ ცუდად იქცევა. ეს უნდა გააკეთოს ყოველ ჯერზე როცა მოსწავლე ცუდად მოიქცევა (სპრიკი, 2006).
როცა მოსწავლე ზედმეტად აგრესიულ ქცევას ავლენს (სხვა მოსწავლის ლანძღვა ან ცემა) იგნორირება არასწორი სტრატეგიაა. ასეთ შემთხვევაში მასწავლებელმა მას უნდა მიუთითოს წესებზე და მათი დაცვა მოსთხოვოს. ფიზიკური დაპირისპირების შემთხ ვევაში კი გააშველოს მოსწავლეები ან მოიხმოს ადმინისტრაციის წარმომადგენელი ან ის პირი, რომელიც მას დაეხმარება კონფლიქტის აღმოფხვრაში.
თუ მოსწავლე ცდილობს მასწავლებელთან კამათით მოსწავლეების თვალში ძალაუფლების მოპოვებას, მასწავლებელი უნდა ეცადოს არ აყვეს მოსწავლეს და არ ჩაებას კამათში. მისი კომენტარები მასწავლებელმა პირად შეურაცხყოფად არ უნდა მიიღოს და ემოციებს არ უნდა აყვეს. სასურველია მასწავლებელმა აღნიშნოს, რომ კარგია, როცა მოსწავლე ფიქრობს კონკრეტულ საკითხზე და ცდილობს დამოუკიდებელ დასკვნებამდე მივიდეს... ანუ აღიაროს მოსწავლის მხრიდან არგუმენტების გამოთქმის ლეგიტიმურობა.
თუ მოსწავლე ცდილობს თავი აარიდოს საკლასო სამუშაოს შესრულებას, გამოძახებას ან დავალების არქონის დაფიქსირებას, ისე გააკეთეთ რომ მოსწავლემ ამ მიზანს არ მიაღწიოს. მაგალითად ნუ გაუშვებთ კლასიდან, რადგან შესაძლოა ეს სწორედ ის არის რაც მოსწავლეს სურს და რის გამოც ცუდად იქცევა.
ცუდი ქცევისას მოსწავლეს დიდი ყურადღება არ დაუთმოთ, მოკლედ და სწრაფად აუხსენით, რატომაა მისი ქცევა მიუღებელი და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მას. ნურასდროს ჩაებმებით მოსწავლესთან სიტყვიერ პაექრობაში.
მასწავლებლები ხშირად ჩივიან, რომ როდესაც ისინი უარყოფითი ქცევის იგნორირებას ახდენენ და ცდილობენ ყურადღება დადებით ქცევას მიაქციონ, ზოგჯერ შეიძლება ისე მოხდეს, რომ მოსწავლემ დადებითი ქცევა საერთოდ არ გამოავლინოს.. ეს განსაკუთრებით ყურადღების დეფიციტის სინდრომის მქონე ბავშვებს ახასიათებთ. მიუხედავად ამისა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ მეორე გაკვეთილამდეც რომ მოუწიოს მასწავლებელს ლოდინმა, მაინც მეტად შედეგიანია დადებით ქცევაზე რეაგირება და უარყოფითი ქცევის იგნორირება (მათერი და გოლდსტაინი 2001).
გთავაზობთ არასასურველი ქცევის პრევენცია/ აღკვეთის ყველაზე ფართოდ გავრცელებულ სტრატეგიებს (სპრიკი 2006).:
წლის დასაწყისშივე შეიმუშავეთ ქცევის წესები
იმისათვის, რომ კლასის მართვა მარტივად წარიმართოს, მნიშვნელოვანია წლის დასაწყისშივე შეიმუშაოთ ქცევის წესები და გააცნოთ ისინი მოსწავლეებს. მოსწავლეებს სასწავლო წლის დასაწყისიდანვე ეცოდინებათ რას გულისხმობს საკლასო ოთახში მისაღები ქცევა და რას უნდა ელოდონ თქვენგან კონკრეტული მიუღებელი ქცევის განხორციელების შემთხვევაში.
მაღალი მოლოდინი
მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ მათგან სანიმუშო ქცევას და კარგად სწავლას მოელით. თქვენი მოლოდინი ხშირად გამოხატეთ სიტყვიერად. მაგალითად, „გაკვეთილის ახსნის, საკლასო სამუშაოს შესრულების, დისკუსიის დროს დარწმუნებული ვარ, რომ შეეცდებით წყნარად იყოთ და ერთმანეთს მოუსმინოთ“.
მოსწავლესთან მიახლოება
თუკი მოსწავლე საუბრობს, ან ქცევის წესებს არღვევს, მასწავლებელს შეუძლია უბრალოდ მასთან ახლოს მივიდეს. მოსწავლე იგრძნობს რომ მასწავლებელი მისი საქციელით დაინტერესდა და მიუახლოვდა იგი აღარ დაარღვევს ქცევის წესებს. შესაძლებელია თვალით კონტაქტის საშუალებითაც ამოწუროთ ეს პრობლემა.
სიტყვიერი შენიშვნა
თუ მიახლოებამ არ გაჭრა და მოსწავლეებმა ისევ გააგრძელეს საუბარი განსაკუთრებული ყურადღების გარეშე შეგიძლიათ გაკვეთილთან დაკავშირებული კითხვა დაუსვათ. ან უთხრათ, რომ თუ რაიმეს თქმა სურთ ხელი ასწიონ. შეეცადეთ შენიშვნა ისე მისცეთ, რომ მთელი კლასის ყურადღება ნაკლებად მიიქციოთ და მცირე სასწავლო დრო დახარჯოთ.
მოსწავლესთან ერთად ქცევის განხილვა თუკი მოსწავლის საქციელი მეტ ახსნა- განმარტებას საჭიროებს, საერთო განხილვა მაშინვე არ წამოიწყოთ, როდესაც გაკვეთილი დასრულდება მიდით მოსწავლესთან და მასთან ერთად განიხილეთ ეს საკითხი. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი შენიშვნა ქცევაზე უნდა იყოს აქცენტირებული და იარლიყს არ აკრავდეს მოსწავლეს. მაგ:
ნინო, ნუ ხარ უზრდელი“. ასეთი კომენტარის გაკეთება მასწავლებლის მხრიდან დიდი შეცდომა იქნებოდა, პიროვნული თვისებების შეფასების ნაცვლად მასწავლებელმა ქცევაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, ამ შემთხვევაში სჯობს მასწავლებელმა მოსწავლეს უთხრასნინო, უკვე არაერთი უპატივცემულო კომენტარი გააკეთე თანატოლების მიმართ“.
დაუკავშირდით მოსწავლის მშობლებს
მოსწავლის მშობლების ჩართვა მნიშვნელოვანია ცუდი ქცევის გამოვლენის ადრეულ ეტაპზე. დაელაპარაკეთ მოსწავლის მშობელს მათი შვილის საქციელის შესახებ, ოღონდ ეცადეთ არ განსაჯოთ მოსწავლე, დაარწმუნეთ მშობელი რომ მისი პარტნიორი ხართ და აპირებთ პრობლემის ერთად მოგვარებას. მოსწავლის მშობლებს ესაუბრეთ მათი შვილის ძლიერ და სუსტ მხარეზე. მხოლოდ ცუდ ყოფა- ქცევაზე ყურადღების გაამახვილებით შესაძლოა მშობელს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ თქვენ გსურთ მან შვილი დასაჯოს ცუდი საქციელისთვის.
განმუხტეთ სიტუაცია იუმორით
იუმორი და არა სარკაზმი, ბევრ სიტუაციაში გამოსავლად შეიძლება იქცეს. მოსწავლის საქციელზე იუმორით პასუხი განმუხტავს სიტუაციას, მაგრამ ასევე უნდა დარწმუნდეთ, რომ იუმორი არ აღიქმება მოსწავლის მხრიდან როგორც მათი ცუდი საქციელის წახალისება. დაელაპარაკეთ მოსწავლეს ამის შესახებ გაკვეთილის შემდეგ.
ყოველთვის დაიცავით წესები
მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის ერთნაირად იცავდეთ წესებს, თუკი ერთ შემთხვევაში ცუდ ქცევაზე თვალს დახუჭავთ და მეორე შემთხვევაში მაშინვე გააკეთებთ რეაგირებას, მოსწავლეები თქვენდამი პატივიცემას დაკარგავენ. მოსწავლეებმა ზუსტად უნდა იცოდნენ რას შეიძლება ელოდონ თქვენგან.
ახსენით მარტივად
ხშირად არასასურველი ქცევა, მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის არაეფექტური კომუნიკაციის შედეგია. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა ზუსტად იცოდნენ რა უნდა ისწავლონ და როგორ მოიქცნენ კლასში. ეცადეთ მარტივად ახსნათ დავალების შინაარსი, კონკრეტული ინსტრუქციები მიეცით მოსწავლეებს დავალებების შესასრულებლად და მათ კითხვებზე ამომწურავად გაეცით პასუხი.
***
რა ხდება მაშინ როცა არასასურველი ქცევა მიუხედავად ზემოთ მოყვანილი სტრატეგიების გამოყენებისა მაინც გრძელდება? ასეთ შემთხვევაში მასწავლებლები სხვა დამატებით ზომებს მიმართავენ, მაგალითად:
ქულის დაკლება და პრივილეგიის წართმევა
თუ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულია მოსწავლეთა შეფასება ყოფაქცევაში, მასწავლებელმა შეიძლება ყოფაქცევაში დააკლოს ქულები მოსწავლეს ან შეუზღუდოს უკვე მოპოვებული რაიმე პრივილეგია.
ასევე ეფექტურია გაფრთხილების ფორმულა: „თუ ამას და ამას არ გააკეთებ, მაშინ მოხდება ესა და ეს“. გაფრთხილება განსაკუთრებით კარგად მუშაობს პრივილეგიების შეზღუდვასთან კომბინაციაში. მაგ. „თუ სხვებს არ აცლი საკუთარი ნაშრომის პრეზენტაციას, შენ არ მოგეცემა უფლება საკუთარი წარადგინო“.
მოსწავლის დატოვება გაკვეთილის შემდეგ
კიდევ ერთი სტრატეგია რასაც მასწავლებლები ხშირად მიმართავენ არის მოსწავლის დატოვება გაკვეთილების შემდეგ. მოსწავლე შეიძლება დავტოვოთ ბიბლიოთეკაში რათა მოამზადოს მომდევნო დღის გაკვეთილები. მოსწავლემ უნდა იცოდეს რამდენი საათი უნდა დარჩეს ბიბლიოთეკაში. გაითვალიწინეთ, რომ მოსწავლე მარტო არ უნდა დატოვოთ, იქ აუცილებლად იყოს მეთვალყურე, რომელიც მას ყურადღებას მიაქცევს.
ასევე კარგი იქნება დატოვებულ მოსწავლეს ვთხოვთ რეფლექსია გააკეთოს იმაზე თუ რატომ არის ამ ვითარებაში. მაგ. შეიძლება ვთხოვოთ აღწეროს ის ვითარება, რომლის გამოც დაისაჯა და რამ განაპირობა ის შეცდომა, რომელიც მან დაუშვა.
მოსწავლისთვის სასარგებლო საქმის დავალება
დასჯის ერთ-ერთი ფორმაა მოსწავლის იძულება გააკეთოს სასარგებლო საქმე. დარჩეს გაკვეთილების შემდეგ, დაალაგოს საკლასო ოთახი, დერეფანი, ან მიეხმაროს სკოლის სამეურნეო სამსახურს საქმიანობაში. იმისათვის, რომ მოსწავლის თვითშეფასება არ დაეცეს, თუ მისი სურვილიც იქნება, შეიძლება დათმობაზე წახვიდეთ და მას ოთახი ან დერეფანი მაშინ დაალაგებინოთ, როდესაც სხვა მოსწავლეები არ უყურებენ. ზოგ შემთხვევაში, შესაძლებელია მასწავლებელმა მოსწავლე სკოლასთან და გაკვეთილთან დაკავშირებულ საკუთარ საქმეში დაიხმაროს.
ადმინისტრაციის ჩართვა კლასის მართვაში
თუ მოსწავლის ქცევას ვეღარ აკონტროლებთ, სკოლას შინაგანაწესით ექნება განსაზღვრული ვინ შეიძლება ჩაერთოს ქცევის მართვისა და პრობლემის მოგვარების პროცესში. ეს შეიძლება იყოს სკოლის მანდატური, ფსიქოლოგი, დირექტორი ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენელი.
ქცევის მართვის სტრატეგიები სასურველია ასახული იყოს შინაგანაწესში, რაც გულისხმობს, რომ ის შეთანხმებულია, როგორც სკოლის ადმინისტრაციასთან, ასევე სამეურვეო საბჭოსთან.
ქცევის მართვის ზოგიერთი მიდგომა
ამ ქვეთავში უფრო დეტალურად განვიხილავთ ქცევის მართვის მოდელს, რომელიც ეფუძნება ფსიქოლოგიურ კვლევებს და ქცევის სტიმულების მეშვეობით მართვას ეხება. განვიხილავთ დადებით და უარყოფით განმტკიცებას, ქცევის გაქრობის და დასჯის სტრატეგიებს.
დადებითი განმტკიცება
დადებითი განმტკიცება გულისხმობს ქცევის განმტკიცებას და მომავალში ამ ქცევის გამეორების ალბათობის ზრდას, რაიმე სარგებელის, ჯილდოს, შექების შედეგად. მაგალითად, თუკი მოსწავლეს შევაქებთ იმის გამო, რომ მან კარგად მოამზადა გაკვეთილი, ალბათობა იმისა, რომ იგი მომავალშიც კარგად მოამზადებს გაკვეთილს იზრდება.
მოსწავლეების შექება ზრდის მათი მხრიდან სასწავლო მოტივაციის, ამაღლებას, თუმცა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როგორ უნდა შევაქოთ მოსწავლე. ასეთი ტიპის შექება - „ათიანი ლალის, მშვენივრად გაართვა თავი დავალებას“ - ერთი შეხედვით მოსწავლეთა მოტივაციას უნდა ზრდიდეს, მაგრამ სინამდვილეში, არ ცვლის მათ ქცევას, რადგან არ შეიცავს მოსწავლეებისათვის ღირებულ ინფორმაციას. მასში არაა ასახული კონკრეტულად რა გააკეთა მოსწავლემ კარგად. კვლევებით დასტურდება, რომ ზოგადი ხასიათის შექება არაა ეფექტური, შექება ეფექტურია მაშინ, როცა კონკრეტულ ქცევას ეხება. საქმე ისაა, რომ სწორედ ამ კვლევებით დასტურდება, რომ ბიჰევიორისტული მიდგომები ძლიერია, როდესაც კოგნიტივისტურ/ კონსტრუქტივისტულ მიდგომებთან ერთად ვიყენებთ. ანუ როდესაც კონკრეტულად ვუთითებთ რა გააკეთა კარგად, ამ დროს უბრალოდ ქცევის განპირობება კი არ ხდება მარტივი სტიმულით( შექებით), არამედ სწავლის უნარების გამომუშავებაც, რაც მოსწავლეს საკუთარი ქცევის გაცნობიერებაში ეხმარება. მაგალითადნიკოლოზ, ძალიან კარგად შეასრულე დავალება, მე ამით ძალიან ვამაყობ“, ზოგადი შექების მაგალითია. თუკი კონკრეტულ მოსწავლეს ეტყვითყოჩაღ ნიკოლოზ, რა ლამაზად დაწერე ასოები“, ანყოჩაღ ლალი, შენ საკმაოდ კარგად გააკრიტიკე სახელმძღვანელოში მოყვანილი არგუმენტი, განსაკუთრებით მომეწონა, როცა იმაზე გაამახვილე ყურადღება თუ რატომ არ გამომდინარეობდა არგუმენტის დასკვნა მისი წინაპირობებიდანეს უკვე კონკრეტული შექების მაგალითია.
როდესაც მოსწავლეებს ვუკონკრეტებთ რისთვის დაიმსახურეს შექება, ისინი უკეთ ხვდებიან თუ რა არის ღირებული მასწავლებლისთვის.
მართალია, კლასის წინაშე შექება ხშირად სასიამოვნოა მოსწავლეებისათვის, მაგრამ ცალკე, პირადად შექება უფრო მეტად მნიშვნელოვანია. ეცადეთ მოსწავლეს პირისპირ უთხრათ მისი მიღწევების შესახებ.
შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ უფრო დახვეწილი შექების სტილი, ღიმილი, თავის დაქნევა, მოსწავლის მერხთან ახლოს მისვლა და თქმა, რომ მისი ყოველთვის გჯეროდათ, ..
გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯილდო და შექება გაცილებით ეფექტურია, როდესაც მათ არარეგულარული ხასიათი აქვთ. ეცადეთ შექება არ გააუფერულოთ. მხოლოდ მაშინ შეაქეთ, როცა მოსწავლეები ნამდვილად იმსახურებენ ამას და უფრო მეტს აკეთებენ ვიდრე მათგან მოელით. ცხადია, ეს არ ეხება იმ შემთხვევას, როდესაც მოსწავლის ცუდი ქცევის შესაცვლელად , გსურთ მცირედ გაუმჯობესებაზეც გქონდეთ დადებითი გამოხმაურება.
გთავაზობთ ეფექტური და არაეფექტური შექების მახასიათებლებს, რომლებიც გავლენას ახდენს სწავლებასა და მოსწავლეთა მოსწრებაზე.
ეფექტური შექება
არაეფექტური შექება
1.შექება არის ზუსტად გამიზნული
მოსწავლის კონკრეტული
აკადემიური წარმატების ან
სასიამოვნო ქცევის აღსანიშნავად
1.შექება არის შემთხვევით
წამოსროლილი, კონკრეტულად არ
ამახვილებს ყურადღებას რეალურ
მიღწევაზე
2. შექება აკონკრეტებს
მოსწავლის მიღწევის კონკრეტულ
ასპექტს, რომელიც შექებას
იმსახურებს
2. შექება ზოგადია და არ აკონკრეტებს
წარმატებას
3. შექება გულწრფელადაა
ნათქვამი და სხეულის ენითაცაა
გამოხატული, რაც მას
დამაჯერებლობას მატებს
3. უემოციოდაა ნათქვამი და ზერელე
ფრაზებისგან შედგება
4. შექება ასახავს მოსწავლის
ძალისხმევას, პროგრესსა
და მიღწევას, რომელიც
განსაზღვრულია ეროვნული
სასწავლო გეგმით.
4. შექება სხვებთან შედარების
საფუძველზეა გაკეთებული და ნაკლებ
ყურადღებას ამახვილებს მოსწავლის
ძალისხმევაზე და მიღწევაზე.
5.შექება მოსწავლეებს აწვდის
ინფორმაციას მათი ცოდნის,
უნარების გაუმჯობესების შესახებ
5.შექება მოსწავლეებს არ აწვდის
მნიშვნელოვან ინფორმაციას მათი
მიღწევების შესახებ
6. შექება ეხმარება მოსწავლეებს
უკეთ შეაფასონ სწავლისთვის
საჭირო უნარები და მიღწევები.
6. მოსწავლე საკუთარ თავს სხვებთან
შედარებით აფასებს.
7.მოსწავლის წარმატებას
უკავშირებს მის გულმოდგინებას,
შრომისმოყვარეობას და გულისხმობს რომ მსგავსი მიღწევები მომავალშიც მოსალოდნელია.
7. მოსწავლის წარმატებას უკავშირებს
მხოლოდ მის შესაძლებლობას,
შემთხვევითობას/ გამართლებას ან
მარტივ დავალებას.
8. ახალისებს მოსწავლეს აღიაროს
საკუთარი მიღწევა და იგრძნოს
შინაგანი კმაყოფილება.
8.სტიმულს აძლევს მოსწავლეს,
წარმატებას გარე ფაქტორების
(
მასწავლებლის სიამოვნება,
შეჯიბრის მოგება და .) გამო მიაღწიოს.
კიზლიკი, ბობი. კლასის მართვა, მოსწავლეთა ქცევის მართვა“.
უარყოფითი განმტკიცება
უარყოფითი განმტკიცება არ არის დასჯა. უარყოფითი განმტკიცება ისევე, როგორც დადებითი განმტკიცება, გულისხმობს მოსწავლის ქცევის განმტკიცებას და მომავალში ამ ქცევის გამეორების ალბათობას ზრდს. თუმცა დადებითი განმტკიცებისაგან იმით განსხვავდება, რომ აქ მოსწავლის მიზანია არა რაიმე სასიამოვნო შედეგის მიღება( შექება, ჯილდო), არამედ არასასიამოვნო შედეგის თავიდან აცილება (მაგ. ტესტი, ოთახის დალაგება).
მაგალითად, თუ მასწავლებელი მოსწავლეს დაპირდება, რომ იგი გამოცდას აღარ ჩააბარებს, თუ ყოველ გაკვეთილზე მომზადებული მოვა და სანიმუშოდ მოიქცევა, გამოცდა ამ შემთხვევაში არასასიამოვნო შედეგი, ანუ უარყოფითი განმამტკიცებელია. ამ შემთხვევაში მოსწავლე კარგი საქციელით თავიდან ირიდებს მისთვის უარყოფით შედეგს.
მოვიყვანოთ ორი მაგალითი:
ელენემ დავალება კარგად შეასრულა, მასწავლებელი ეუბნება ,, ელენე, რადგან დღეს კარგად შეასრულე დავალება, გაკვეთილების შემდეგ დარჩენა და მისი განმეორებით შესრულება აღარ მოგიწევს“. ანუ მასწავლებელმა არასასურველი შედეგი აარიდა ელენეს მისი კარგი ქცევის სანაცვლოდ.
ლევანი ხშირად იგვიანებს გაკვეთილზე, ყოველი დაგვიანებისას მასწავლებელი მას კლასის წინაშე საყვედურს ეუბნება. თუ მასწავლებელი მას შეაქებს გაკვეთილზე დროულად მოსვლისთვის ეს უკვე იქნება უარყოფითი განმტკიცების მაგალითი. რაც უფრო ხშირად შეაქებს მასწავლებელი, სავარაუდოდ მოსწავლე ეცდება ადრე მოვიდეს და არ დაიგვიანოს.
უნდა აღინიშნოს, რომ მასწავლებლებმა უფრო მეტად უნდა გამოიყენონ დადებითი განმტკიცება. უარყოფითი განმტკიცება მოკლევადიან სტრატეგიად გამოდგება და გრძელვადიანი შედეგისათვის არ არის განკუთვნილი.
ქცევის გაქრობა
თუკი დადებითი და უარყოფითი განმტკიცება ამა თუ იმ ქცევას აძლიერებს, დასჯისა და ქცევის გაქრობის სტრატეგია ასუსტებს ამა თუ იმ ქცევას ან აქრობს მას.
ქცევის გაქრობის სტრატეგიას, მასწავლებლები მიმართავენ რათა შეძლონ კლასში უარყოფითი ქცევის გამოვლინების მაქსიმალუ რად შემცირება. ხშირად ქცევის გაქრობას დაგეგმილ იგნორირებასაც უწოდებენ (ევერტსონი და ვაინსტაინი, 2006).
წარმოვიდგინოთ, რომ მოსწავლე სვამს შეკითხვებს, რაც გაკვეთილს არ უკავშირდება, მაგალითადროდის უნდა მოვაწყოთ შეჯიბრი ფრენბურთში?“ ანრომელ საათზე გვაქვს დღეს სადილი?“ თუ მასწავლებელი ამ კითხვებს რაიმე ფორმით ყურადღებას მიაქცევს, ეს ქცევა უფრო განმტკიცდება და მოსწავლე განაგრძობს ასეთი კითხვების დასმას. თუნდაც უბრალო კომენტარი მასწავლებლის მხრიდან იმის შესახებ, რომახლა ამის დრო არ არისშეინარჩუნებს ამ ქცევას. ამ შემთხვევაში უკეთესია ყურადღება არ მივაქციოთ მოსწავლის მიერ დასმულ კითხვას. ამავე დროს მასწავლებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს გაკვეთილთან დაკავშირებულ კითხვებს, რათა განამტკიცოს ამ ტიპის კითხვების დასმა არარელევანტური კითხვების საწინააღმდეგოდ.
ამ სტრატეგიის გამოყენებისას, ყურადღებით უნდა ვიყოთ. თუ მოსწავლის მიერ დასმული კითხვა ან კომენტარი სხვა მოსწავლეების ყურადღებას იპყრობს, მაშინ მასწავლებელმა კიდევაც რომ არ მიაქციოს ყურადღება მისი ქცევა მაინც განმტკიცდება. ამ შემთხვევაში იგნორირება არ გამოდგება და მასწავლებელს დასჭირდება უფრო აქტიური სწავლების პროცესის ორგანიზება და ამ პროცესში ჩართულობისათვის პოზიტიური განმამტკიცებლების გამოყენება.
დასჯა
მიუხედავად იმისა, რომ დასჯის გამოყენებამდე ქცევის დადებითი და უარყოფითი განმამტკიცებლებისა და ქცევის გაქრობის სტრატეგიის გამოყენებაა რეკომენდებული, ზოგიერთი ქცევის აღმოსაფხვრელად დასჯა (თუმცა არა ფიზიკური დასჯა) მნიშვნელოვან სტრატეგიას წარმოადგენს.
ზოგჯერ დასჯას განიხილავენ მხოლოდ და მხოლოდ როგორც საყვედურს, გაკიცხვას ან ფიზიკურ დასჯას. თუმცა დასჯის ერთ-ერთი ფორმაა, როდესაც მოსწავლეს ვართმევთ იმ პრივილეგიას რაც მან მოიპოვა. მაგალითად, თუ მოსწავლემ კარგი ქცევისათვის 30 წუთი კომიუტერთან თამაშის უფლება დაიმსახურა, ცუდი ქცევისათის, მას მოპოვებული ჯილდოდან რამდენიმე წუთი გამოაკლდება (მნიშვნელოვანია რომ მთლიანად არ წავარვათ ეს დრო).
რაც შეეხება ფიზიკურ დასჯას, სკოლებსა და მასწავლებლებს კა ნონით ეკრძალებათ მოსწავლის ფიზიკური დასჯა. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური დასჯა შეიძლება მოკლევადიან შედეგს იძლეოდეს, გრძელვადიან პერსპექტივაში იგი პრობლემას არ აგვარებს. მოსწავლეები გააგრძელებენ ცუდად მოქცევას, როდესაც ის ვინც ამგვარად სჯის, ახლოს არ იქნება. გარდა ამისა, ამგვარი დასჯით მოსწავლეებს ცუდ მაგალითს ვაძლევთ და მათ ადვილად შეიძლება გავუჩინოთ შურისძიების სურვილი.
გთავაზობთ ცხრილს სადაც განხილულია თითეული სტრატეგიის კონკრეტული მაგალითები, რომლებიც ასუსტებს ან აძლიერებს ამა თუ იმ ქცევას:
სტრატეგია
გამოვლენილი
ქცევა
ქცევის შედეგი
სავარაუდო
ეფექტი ქცევზე
მომავალში
1
2
3
4
დადებითი
განმტკიცება
ქეთი მითითების
გარეშე
მეცადინეობს
მათემატიკას
ქეთის მშობლები
მას აქებენ
ქეთი მომავალშიც
გააგრძელებს
მათემატიკის
მეცადინეობას
მითითების გარეშე
დადებითი
განმტკიცება
თენგო წყნარად
ზის და მუშაობს
მასწავლებელი
მას კარგი
ყოფაქცევისთვის
განკუთვნილ
მწვანე ბარათს
აძლევს
თენგო მომავალშიც
გააგრძელებს
წყნარად მუშაობას
უარყოფითი
განმტკიცება
იასონი წუწუნებს,
რომ უფროსი
ბიჭები მას სულ
სცემენ და ამიტომ
სკოლაში წასვლა
არ უნდა
იასონის
მშობლები მას
ნებას რთავენ
სახლში დარჩეს
იასონი
მომავალშიც
სახლში დარჩება და
გააცდენს სკოლას
უარყოფითი
განმტკიცება
გიორგი თამაშის
შემდეგ სკოლის
ბაღს ასუფთავებს
მას არავინ აქცევს
ყურადღებას
გიორგი მომავალში
აღარ ასუფთავებს
სკოლის ბაღს
ქცევის
გაქრობა
ანა დათოს სკამზე
წყალს ასხამს
ამას არავინ
აქცევს
ყურადღებას, ქცევა
იგნორირებულია
ანა მომავალში
აღარ დაასხამს
დათოს სკამზე
წყალს
დასჯა
მართა სკამის
მისაყუდებელზე
ზის
მართას
საყვედურობენ
ყოველთვის
როცა სკამის
მისაყუდებელზე
ჯდება
მართა აღარ
დაჯდება სკამის
მისაყუდებელზე
დასჯა
თემო თეოს
კიკინაზე
საღებავს უსვამს
მასწავლებელი
თემოს ჯოხს
წამოარტყამს
თემო მომავალში
აღარ წაუსვამს
თეოს საღბავს
ადაპტირებულია შედეგი წყაროდან: უოკერი, . და ში . . ქცევის მართვა: პრაქტიკული მიდგომა განათლების სპეციალისტებისათვის. ნიუ იორკი: მაკმილანი. 1991.
ცხრილში მოცემული ბოლო შემთხვევა აღწერს ფიზიკურ დასჯას. ნუ გამოიყენებთ დასჯის ამ ფორმას. ბავშვებს ასეთი ტიპის დასჯით ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტკივილს აყენებთ. შესაბამისად, ისინი თქვენს მიმართ აგრესიით განეწყობიან. ასევე ისინი ისწავლიან, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა ურთიერთობის მოგვარების ჩვეული ფორმაა და თავადაც გამოიყენებენ სხვებთან მიმართებაში. მასწავლებელი ფიზიკური დასჯით თავად აძლევს მაგალითს მოსწავლეებს, როგორი ქცევა შეიძლება იყოს მისაღები. ფიზიკური დასჯა აკანონებს ძალადობას და იგი უარყოფითად მოქმედებს კლასის კლიმატზე, რომელიც ურთიერთპატივისცემითა და თანამშრომლობით უნდა იყოს გამსჭვალული. ზოგადად, კვლევები აჩვენებს, რომ მასწავლებლები, რომლებიც ამ გზით ცდილობენ პრობლემების მოგვარებას უფრო ნერვიული, იმპულსური და ნაკლებად ყურადღებიანი არიან (კანგელოსი, 2007).
ზოგჯერ მასწავლებელს შეიძლება მოუწიოს ფიზიკური ძალადობა მოსწავლეების გაკონტროლების ან თავის დაცვის მიზნით, ამ შემთხვევაში საქმე არ გვაქვს დასჯასთან. მაგალითად: მასწავლებელი ხედავს რომ დერეფანში ორი მოსწავ ლე ერთმანეთს დაუზოგავად სცემს, ის დაუყოვნებლივ ერევა და ძალით აშველებს მათ. მას შემდეგ რაც მოსწავლის მუშტი თავადაც ხვდება, ცდილობს თავის დაცვის მიზნით ძალის გამოყენებით გააკავოს. ეს არ ჩაითვლება ფიზიკურ დასჯად. თუ მასწავლებელი კონფლიქტის ამოწურვის შემდეგ სცემდა მოსწავლეს ან რაიმე სახის ფიზიკურ ტკივილს მიაყენებდა, ეს აქტი ფიზიკურ ძალადობად ჩაითვლება (კანგელოსი, 2007)
მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობა
მოსწავლეებთან ურთიერთობა
მოსწავლეებთან პოზიტიური ურთიერთობების დამყარება, მასწავლებლის ქცევა და მოსწავლეებისადმი დამოკიდებულება კლასის მართვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, ვინაიდან მასზეა დამოკიდებული მოსწავლეთა მოტივაცია და კლასში სასურველი ქცევა. ხშირად ხდება, რომ მოსწავლე ერთ მასწავლებელთან კარგად იქცევა, სხვა მასწავლებელთან კი ცუდად. ამ შემთხვევაში პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა შესაძლოა მასწავლებლის ქცევისა და დამოკიდებულების ცვლილება იყოს. მასწავლებელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს არა მხოლოდ ურჩ და აგრესიულ, არამედ მორცხვ და პასიურ მოსწავლეებსაც, უნდა შეძლოს მათთან პოზიტიური ურთიერთობის დამყარება.
კვლევები ადასტურებს, რომ აკადემიურ მოსწრებას დიდწილად განსაზღვრავს მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობა (ტომასი, 2000).
სამართლიანობა და წესების მუდმივად დაცვა ზრდის მასწავლებლის მიმართ მოსწავლეთა პატივისცემას. როდესაც, ადექვატური მცდელობის მიუხედავად არასასურველი ქცევა მეორდება, მასწავლებლები ამას პირად შეურაცხყოფად იღებენ და მოსწავლეს ადანაშაულებენ. ეს საკითხისადმი არასწორი მიდგომაა.
მასწავლებელმა ყველა მოსწავლის მიმართ უნდა გამოიჩინოს ერთნაირი ინტერესი და ყურადღება. ყველა მოსწავლეს სჭირდება დაფასება. სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირია, როცა კლასში რამდენიმე მოსწავლე გამოკვეთილია, როგორც მასწავლებლისფავორიტი“.
ზოგჯერ მასწავლებლები მოსწავლეებთან კარგი ურთიერთობის დასამყარებლად ბევრ დათმობაზე მიდიან. მოსწავლეებს იმდენად უმეგობრდებიან, რომ მათ შორის ზღვარი იშლება. მოსწავლეები მასწავლებლის პატივისცემას კარგავენ. არ არის აუცილებელი, თითოეული მათგანის მეგობარი გახდეთ. მოსწავლეებს გარკვეული კონტროლი სჭირდებათ მასწავლებლის მხრიდან, ეს სულაც არ ნიშნავს რომ კლასის მართვის ავტორიტარული სტილი აირჩიოთ. უბრალოდ, იყავით თანმიმდევრული თქვენს მოთხოვნებში, დააფასეთ ყველა მოსწავლე და ეცადეთ მოსწავლეს გაუჩინოთ შეგრძნება რომ, მათი აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანია.
ეფექტური კომუნიკაციისათვის, აუცილებელია მოსწავლეებს მისცეთ უკუკავშირი, კარგი საქციელისთვის. ხშირად შეაქოთ ისინი და აუხსნათ რას მოელით მათგან.
მოსწავლესთან კარგი ურთიერთობის დამყარება პირველივე დღიდან უნდა დაიწყოთ. მათ ინტერესებში გარკვევა და მზრუნველობა, მოსწავლეებს თქვენდამი დადებითად განაწყობს.
გვთავაზობთ რამდენიმე სტრატეგიას, რომელიც აუმჯობესებს მოსწავლეებთან თანამშრომლობას:
·         პერსონალური მისალმება, შემოსვლისას ყველას სახელებით მიესალმეთ.
·         მათი განწყობის გასარკვევად დასვით შეკითხვები;
·         კითხვები მათ ცხოვრებაზე სკოლის გარეთ. გამონახეთ დრო, რომ გაესაუბროთ მოსწავლეებს კლასის გარეთ მომხდარ ამბებზე.
·         მათი პრობლემების და ამბების მოსმენა. კარგია მოსწავლეებს გაუჩნდეთ შეგრძნება, რომ თქვენ გაინტერესებთ რა ხდება მათ ცხოვრებაში საკლასო ოთახისა და აკადემიური მოსწრების მიღმა, როგორია მათი პირადი ინტერესები და საქმიანობები;
·         სასადილოში მათთან ერთად სადილი;
·         დაბადების დღის მილოცვა;
·         მათი ჰობისა და განსაკუთრებული ინტერესების გამოკვლევა;
·         ღონისძებებზე ერთობლივი დასწრება (სპორტული შეჯიბრება, სპექტაკლი, ფილმი)
·         ისტორიის მოყოლა საკუთარი ცხოვრებიდან;
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეებს სწამდეთ, რომ მათი უნარები და შესაძლებლობები ღირებული და დაფასებულია. მასწავლებელმა უნდა წაახალისოს დადებითი საუბარი მოსწავლეებთან, კერძოდ:
·         უთხარით, რომ შეუძლიათ წარმატების მიღწევა;
·         აღნიშნეთ მათი ახალი დადებითი ქცევები და გამომუშავებული უნარები;
·         მათი წარმატებები აღნიშნეთ სხვა მოსწავლეებთან ერთად;
·         პრობლემური დღის შემდეგ იმედი გამოთქვით, რომ ხვალ უკეთესი დღე იქნება.
მშობლებთან ურთიერთობა
მშობელი მასწავლებლისათვის მნიშვნელოვან რესურს წარმოადგენს პრობლემური ქცევის პრევენცია/ აღკვეთის თვალსაზრისით. სამწუხაროდ, უფრო ხშირ შემთხვეებში მშობლების როლი უგულვებელყოფილია, ან მათ მხოლოდ იმ შემთხვეაში მიმართავენ როცა სიტუაცია განსაკუთრებით რთულდება.
მშობლებთან ურთიერთობა დამატებით დროსა და ენერგიას მოითხოვს, თუმცა მშობლებთან ეფექტური თანამშრომლობა სერიოზული ქცევითი პრობლემების თავიდან აცილების შესანიშნავი საშუალებაა.
მშობლებთან თანამშრომლობისთვის სასურველია სკოლის ადმინისტრაციამ, მასწავლებლებმა შეიმუშაონ პროცედურები, რომელიც ასახული იქნება სკოლის შინაგანაწესში. სკოლის შინაგანაწესმა შეიძლება ასახოს მშობლებთან შეხვედრის პერიოდულობა, მათთან გასახილველი სფეროების ნუსხა, შეხვედრის ფორმატი და შეხვედრაში მონაწილე ადამიანები.
გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც დაგეხმარებათ მშობლებთან ეფექტურ თანამშრომლობაში.
მშობლების ინფორმირება
მშობლები თქვენს მოკავშირეებად რომ აქციოთ, მნიშვნელოვანია მათი მუდმივი ინფორმირება. მშობლებს ყოველთვის აინტერესებთ როგორ იქცევა და როგორი აკადემიური მოსწრება აქვთ მათ შვილებს.
მათი ინფორმირებისათვის შეგიძლიათ დაგეგმოთ სხვადასხვა ღონისძიებები: სასწავლო წლის დასაწყისში გაიცანით ყველა მშობელი და გააცანით მათ თქვენი გეგმები და მუშაობის წესები, მიაწოდეთ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
წინასწარ დაგეგმეთ, როგორ აპირებთ მშობლების ინფორმირებას. ზოგიერთი მასწავლებელი კვირის ბოლოს მშობლებს უგზავნის შეტყობინებას შვილის შეფასებისა და კვირის განმავლობაში მისი ქცევის შესახებ. ურთიერთობის ეს ფორმა ეფექტურია რადგან:
- თავიდან აგარიდებთ ისეთ შემთხვევებს, როდესაც მშობელი მხოლოდ მაშინ იღებს ინფორმაციას შვილის შესახებ, როდესაც სიტუაცია გამწვავებულია.
მშობლები ძალიან დაკავებულები არიან და ხშირად ვერ ახერხებენ სკოლაში მოსვლას. შვილის ქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ თქვენს შეტყობინებას ან სატელეფონო ზარს მშობლები მხოლოდ პრობლემურ სიტუაციებში არ უნდა იღებდნენ.
ნუ აიძულებთ მშობელს თავდაცვის პოზიცია აირჩიოს
მშობელთან პრობლემის მოსაგვარებლად დაკავშირებისას დაიმახსოვრეთ, რომ კრიტიკა მშობლისთვის არ არის მარტივი მისაღები. ადვილი შესაძლებელია, რომ მშობელმა შვილის პოზიცია დაიკაოს და ეცადოს შვილი დაიცვას და მასწავლებლის საქციელში ეძიოს მისი შვილის ცუდი ქცევის მიზეზი. ამიტომ კარგად აუხსენით მშობელს, რისთვის დაიბარეთ და რატომ არის მნიშვნელოვანი შეხვედრა თავად მოსწავლისათვის. ეცადეთ გამონახოთ რაიმე დადებითი მათი შვილის ქცევაში და მხოლოდ არასასიამოვნო პრობლემებზე არ ესაუბროთ. მაგალითად, შეგიძლიათ მშობელს უთხრათ, რომ ძალიან აფასებთ, რომ მათმა შვილმა გაიაზრა რამდენად არასასიამოვნო იყო მისი ქცევა. ასევე, მიაწოდეთ კომენტარი კონკრეტულ ქცევაზე და არა ზოგადად იმის შესახებ თუ როგორთავხედობსანუზრდელადიქცევა მათი შვილი.
პრობლემური ქცევის აღსაკვეთად დაიხმარეთ მშობელი
მას შემდეგ, რაც მშობელი ინფორმირებულია, სცადეთ ჩართოთ ის მოსწავლის ცუდი ქცევის აღკვეთაში, რაიმე კონკრეტული დავალება მიეცით. მაგალითად, თუ ცუდი ქცევა არ შეწყდება, მშობელს შეუძლია შვილს კომპიუტერთან თამაშის ან ტელევიზორის ყურების დრო შეუზღუდოს. გარდა ამისა, როდესაც ბავშვი ხვდება, რომ მასწავლებელი და მშობელი ერთი გუნდი არიან, უფრო დიდი შანსია რომ შეწყვიტოს ცუდი ქცევა.
დაგეგმეთ ღონისძიებები მშობლებთან ერთად
მშობლებთან კარგი ურთიერთობის დასამყარებლად მნიშვნელოვანია დაგეგმოთ რაიმე ღონისძიება მათთან ერთად. ეს შეიძლება იყოს ექსკურსია, ან სადღესასწაულო კონცერტი, მუზეუმში სტუმრობა ... შეგიძლიათ მოხალისე მშობლები ჩართოთ სხვა ტიპის საქმიანობაშიც, მაგალითად სთხოვოთ დაგეხმაროთ სკოლის მოწესრიგებაში, დერეფანში მორიგეობაში . .. ასევე კარგი იქნება თუ მშობელს მისცემთ შესაძლებლობას დაგესწროთ გაკვეთილზე.
შემოქმედებითად მიუდექით კლასის მართვას
მასწავლებლები თავად ქმნიან ორიგინალურ სტრატეგიებს და მათ პირად წარმატებულ გამოცდილებებს საჯაროდ უზიარებენ ყველას. ზემოთ ვახსენეთ, რომ კლასის მართვასთან რამდენიმე თეორიაა დაკავშირებული, თუმცა ყველა მათგანი დეტალურად არ გაგვიხილავს. იმედია, აქ მოცემული მაგალითები, მასწავლებლებს დაეხმარება კლასის მართვის საკუთარი ეფექტური თეორია შექმნან. ამასთანავე არ უნდა დავივიწყოთ, რომ კლასის მართვა არ არის თვითმიზანი. მთავარია მოსწავლეების მოტივაცია ამაღლდეს და მათ შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინონ.
მაგალითად, ერთ-ერთმა მასწავლებელმა დაწყებით კლასებში ასეთ რამ მოიფიქრა: როდესაც ბავშვები ხმაურობენ იგი ანიშნებს მოსწავლეს, რომელიც ხმაურობს ფეხზე ადგეს, ამ მოსწავლეს შეუძლია დაჯდეს როგორც კი დაინახავს სხვა მოსწავლეს, რომელიც ხმაურობს, თუმცა როგორც წესი ბავშვები მაშინვე ჩუმდებიან რათა ფეხზე დადგომა არ მოუწიოთ.
დაბალ კლასებში ხმაურის შესამცირებლად შესაძლებელია ფუმფულა სათამაშოს გამოყენება. საუბარი არ შეიძლება თუ სათამაშოს არ გესვრიან, მასწავლებელი ესვრის ვისაც სურს საუბარი ან ვისაც კითხვას უსვამს, შემდეგ კონკრეტული მოსწავლე ესვრის სათამაშოს სხვა მოსწავლეს ...
კიდევ ერთი სტრატეგია ფუმფულა სათამაშოს გამოყენებით: დაწყებით საფეხურზე, კლასში არის სათამაშო, მაგალითად ძაღლი, რომელიც კარგავს ან იღებს საჩუქრებს( ძვალს, პატარა ბურთს ...) იმის მიხედვით, თუ როგორ იქცევიან ბავშვები. გაკვეთილის/ დღის ბოლოს მასწავლებელი და ბავშვები ერთად აჯამებენ იმას, თუ რატომ მიიღო ან დაკარგა სათამაშომ ესა თუ ის საჩუქარი.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევები ადასტურებს, რომ კლასის ეფექტური მართვა პრაქტიკისა და სწავლის შედეგია, უნდა აღინიშნოს რომ ყველა კლასი უნიკალურია. ყველა მასწავლებელს მეტნაკლებად განსხვავებული პრობლემების გადაჭრა უხდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია სტრატეგია მასწავლებელმა შეარჩიოს საჭიროებიდან გამომდინარე და თავად განსაზღვროს თუ რა იმუშავებს მის კლასში და რა ვერა.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ კლასის მართვის უნარები მასწავლებელს მხოლოდ რამდენიმე წლიანი პრაქტიკის შემდეგ უყალიბდება. საქმე იმაშია, რომ კლასის ეფექტური მართვა გულისხმობს არა მხოლოდ პრაქტიკის შედეგად ჩამოყალიბებულ უნარებს, არამედ, თეორიულ ცოდნას, თანმიმდევრულობასა და ბავშვზე ორიენტირებული გარემოს შექმნას საკლასო ოთახში. კლასის მართვა მრავალი სტრატეგიის გამოცდას და შეცდომებზე სწავლასაც გულისხმობს, რაც საკმაოდ რთულია, სწორედ ამიტომ არის მასწავლებლის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პროფესიონალ მასწავლებლებზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდი.

Комментариев нет:

Отправить комментарий